Tesla-სა და Twitter-ის მფლობელმა ლიდერობა ბერნარ არნოს დაუთმო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მასკის ქონება ერთ წელიწადში 39 მილიარდით შემცირდა და ახლა დაახლოებით $180 მილიარდს შეადგენს.
Forbes-ის შეფასებით, პირველობის დაკარგვის მიზეზი მასკის მიერ Twitter-ში $44 მილიარდის გადახდა გახდა. შესყიდვა Tesla-ს აქციებით დაფინანსდა, რის გამოც, გასულ წელს Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა.
მილიარდერი SpaceX-მა „გადაარჩინა“, რომლის ღირებულება გასული წლის განმავლობაში $13 მილიარდით, $140 მილიარდამდე გაიზარდა.
Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მდიდარი LVMH-ის თავმჯდომარე ბერნარ არნოა. Louis Vuitton-ისა და Dior-ის მფლობელის ქონება გასულ წელს $50 მილიარდზე მეტად, $211 მილიარდამდე გაიზარდა. რეკორდული მოგება ჰქონდათ Louis Vuitton-ს, Christian Dior-ს და Tiffany & Co-ს. LVMH-ის აქციები გასულ წელს 25%-ით გაიზარდა.
მასკის და არნო Forbes-ის სიაში ხშირად იცვლიან ადგილებს.
Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ყველა მილიარდერზე მეტი თანხა ($57 მილიარდი) დაკარგა, რის გამოც, მეორე პოზიციიდან მესამეზე ჩამოქვეითდა. ზარალი დიდწილად Amazon-ის აქციებზე ფასების ვარდნამ გამოიწვია. მათ გასულ წელს ღირებულების თითქმის 40% დაკარგეს.
წლევანდელ სიაში ვეღარ მოხვდა 250-ზე მეტი ადამიანი, ვინც 2022 წელს რეიტინგში შედიოდნენ. მათ შორის, კენიე ვესტი, რომელსაც Adidas-ის გარიგება ჩაეშალა. მან ერთ დღეში დაკარგა თავისი ქონების 94%.