რიკოთის საავტომობილო გზა ისევ ჩაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ კვირის ბოლოს ეცოდინებათ, როდის იქნება შესაძლებელი მაგისტრალზე მოძრაობის განახლება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად, რიკოთის მონაკვეთზე მეწყრული პროცესების კვლევა მიმდინარეობს, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტები ატარებენ.
ხოლო რიკოთის 149-ე კმ-ზე, იმ ადგილზე, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე შეიქმნა, გზის გაფართოების სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები.
„თოვლის დნობის შედეგად გზასთან, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია“, – თქვა გიორგი წერეთელმა.
ის ამტკიცებს, რომ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დაწყების წინ 170-ზე მეტი გეოლოგიური კვლევა იყო ჩატარებული. სამშენებლო პროექტი კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკულ-თურქული კონსორციუმის მიერ არის არის მომზადებული.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალი 30 მარტის შემდეგ ჩაკეტილია. ავტომობილები გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით, რომელიც არასახარბიელო მდგომარეობაშია.