თებერვლის თვის მონაცემებმა აჩვენა, რომ საქართველოდან თხილის ექსპორტი გაიზარდა. სულ ერთ თვეში 1 430 ტონა თხილი გავიდა, რაც 5%-ით აღემატებოდა იანვრის ექსპორტს.
გაზრდილია თხილის ფასიც. კილოგრამის საექსპორტო ფასი თებერვალში $5.40 იყო, მაშინ, როცა იანვარში ექსპორტზე $5.00-ად გავიდა. ზრდის მიუხედავად, თებერვლის საექსპორტო ფასი მაინც დაბალია. ცნობისთვის, შარშან კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასი $4,4 იყო. ექსპორტის 76,4% ევროკავშირის ბაზარზე გავიდა.
პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საქართველოში თხილის მწარმოებლებს დიდი იმედი არ აქვთ, რომ მიმდინარე სეზონი მომგებიანი იქნება.
პესიმისტურ მოლოდინს რამდენიმე ფაქტორი ამყარებს. ქართულ თხილზე მოთხოვნა მაღალი არ არის. ადგილობრივებისგან პროდუქტს დისტრიბუტორები ყიდულობენ და შემდეგ აწვდიან მცირე ბიზნესს ევროკავშირში.
ევროპის ბაზრისთვის თხილის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი თურქეთია, სადაც ახლა თხილის დიდი მარაგებია დასაწყობებული. პროდუქციის ასეთი დიდი ოდენობა მსოფლიო ფასებისთვის რისკის შემცველად განიხილება. თუ თურქეთი ამ მარაგების გაყიდვას დაიწყებს, ეს მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნას გამოიწვევს. ევროპა თურქეთის თხილს მისი სიძვირის გამო იწუნებს და პროდუქციას უფრო იაფად ალტერნატიულ ბაზრებზე ეძებს. ბევრი შემსყიდველი სწორედ ამიტომ აკითხავს საქართველოს და აზერბაიჯანს, სადაც თხილს თურქეთზე იაფად ყიდიან. აზერბაიჯანის ექსპორტი კი ბოლო დროს უფრო კონკურენტუნარიანი გახდა.
ცნობისთვის, თურქეთის თხილის ექსპორტი 2022 წელს 9%-ით, 312,564 მლნ. ტონამდე შემცირდა. აქედან, ევროპაში ექსპორტი 256,3 მლნ ტონა იყო, რაც 2021 წლის ექსპორტს 7%-ით ჩამორჩებოდა.
წყარო: EastFruit