ეროვნული ბანკის დეკემბრის სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები წლიურად $562 მლნ-ით შემცირდა. 2023 წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობა $5.009 მლრდ იყო. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კი $4.45 მილიარდამდეა. მათ შორის, $599 მლნ-მდე ღირებულების ოქროა (01.12.2024 – $608 მლნ. 01.11. 2024 – $627.4 მლნ).
2024 წლის ნოემბერთან შედარებით სავალუტო რეზერვები $323.6 მლნ-ით არის გაზრდილი.
გასულ წელს, თითქმის 10 თვის განმავლობაში, ნოემბრამდე სავალუტო რეზერვები მცირდებოდა. ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს ლარის კურსის შენარჩუნებისთვის ახორციელებდა.
მხოლოდ ოქტომბრის თვეში სებ-მა $627 მილიონის რეზერვი გაყიდა.
რეზერვების შევსება ნოემბერში დაიწყო და თითქმის $40 მლნ-იანი ზრდა აჩვენა.
რეზერვების მატებას ხელი შეუწყო კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ზრდამ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში შევიდა ძალაში.
ასევე, მის ზრდაში წვლილი შეიტანა დარეზერვებული ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდამ, შესაბამისად, მონეტარულმა ოქრომ $100 მილიონამდე მოიმატა საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობაში.
ეროვნულმა ბანკმა ბანკებს სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნები 5%-ით გაუზარდა, 20%-დან 25%-მდე. სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრების შედეგად, რეზერვების მოცულობა გაიზარდა.
2024 წლის დეკემბრის სტატისტიკით, სებ-ს სავალუტო რეზერვების დიდი ნაწილი – $2.118 მლრდ ფასიან ქაღალდებში აქვს განთავსებული, ნაღდი ფულის სახით კი რეზერვები $1.278 მლრდ-ია.