შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების გავლენა საფონდო ბირჟებზე გრძელდება.
საფონდო ინდექსებმა ორშაბათის ვაჭრობაზე რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.
Dow Jones-ის ინდექსი ორშაბათის ვაჭრობის დროს 0,7%-ით გაიზარდა, S&P 500 გაიზარდა 0,1%-ით, ხოლო Nasdaq Composite 0,1%-ით დაეცა.
ძირითადი ინდექსების ზრდას ხელს უწყობს ინვესტორების ოპტიმიზმი, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვებას მოჰყვება გადასახადების დაპირებული კლება, რასაც ემატება აშშ-ის ფედერალური რეზერვის(FED) მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირება.
Tesla-ს (TSLA) აქციები 8%-ზე მეტი გაიზარდა. წინა კვირაში კომპანიის აქციები 40%-ზე მეტად გაძვირდა იმ მოლოდინების ფონზე, რომ კომპანიას შეუძლია ისარგებლოს ტრამპის გაპრეზიდენტებით, მასთან ილონ მასკის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით.
ტექნოლოგიური კომპანიების აქციები შემცირდა. მათ შორის იყვნენ Nvidia (NVDA), Apple (AAPL), Microsoft (MSFT), Amazon (AMZN) და Meta Platforms (META).
ბიტკოინის გაძვირების პარალელურად გაიზარდა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კომპანიების აქციები. ბიტკოინის ერთ-ერთი უდიდესი მფლობელის, MicroStrategy-ის (MSTR) აქციებმა 26%-ით მოიმატა, კრიპტობირჟა Coinbase-ის (COIN) და ბიტკოინის მაინერი MARA Holdings-ის (MARA) აქციები ორშაბათს 30%-ზე მეტით გაიზარდა.
AbbVie-ის (ABBV) აქციები დაეცა 13%-ით მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ მისმა შიზოფრენიის წამალმა Emraclidine-მა კლინიკურ კვლევებში სასურველი შედეგი ვერ აჩვენა. იმავდროულად, Bristol Myers Squibb-ის (BMY) აქციები, რომელიც ახლახან დამტკიცებულ შიზოფრენიის სამკურნალო Cobenfy-ს აწარმოებს, 11%-ით გაიზარდა და S&P 500-ის ლიდერი გახდა.
ოქროს ფიუჩერსები 2,5%-ით დაეცა და უნციაზე დაახლოებით $2625 შეადგინა, რადგან არჩევნების შემდეგ აშშ დოლარი მყარდება. ძვირფასი ლითონის ფასი გასული კვირის დასაწყისში $2,800-ს აღემატებოდა.