ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ გადაწყვიტა,12 ათასი სამხედრო გაგზავნოს რუსეთის მხარდასაჭერად უკრაინასთან ომში. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახური (NIS) იტყობინება.
თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ 11 ათასი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი წვრთნებს გადის აღმოსავლეთ რუსეთში და სავარაუდოდ, 1 ნოემბრისთვის ისინი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებიან. მან ამ ინფორმაციის წყარო არ დაასახელა. მისი თქმით, 2600 ჯარისკაცისგან შემდგარი პირველი ქვედანაყოფი კურსკის რეგიონში გაიგზავნება.
13 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა არა მხოლოდ იარაღს გადასცემს რუსეთს, არამედ რეალურად აგზავნის თავის მოქალაქეებს უკრაინაში რუსულ ჯარებთან ერთად საბრძოლველად.
The Guardian-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ინჟინრები რუსულ ჯარებს ჩრდილოეთ კორეის KN-23 რაკეტებით უკრაინის დაბომბვაში ეხმარებიან. გამოცემის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში დონეცკის მახლობლად უკრაინის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა შორის ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებიც არიან. ისინი სამხედრო ინჟინრები იყვნენ თუ სამხედრო მოსამსახურეები, უცნობია.
რუსეთის ხელისუფლება უარყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედროები უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მხარეს იბრძვიან.