მსოფლიო ბანკის(WB) განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს, ადრე ნავარაუდევი 5.2%-ის ნაცვლად, 7.5%-ით გაიზრდება. ივნისში, წინა გადახედვისას, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.2%-მდე გაზარდა. WB 2025 წელს საქართველოში 5.2%-იან, 2026 წელს კი 5%-იან ზრდას ვარაუდობს.
მსოფლიო ბანკზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი აქვს საქართველოს მთავრობას, რომელიც წელს ქვეყანაში 8.2%-იანი ზრდას ელის. 2025 წლისთვის კი პროგნოზი 5.5%-ია.
როგორ აფასებს WB რეგიონის ეკონომიკური პერსპექტივას
მსოფლიო ბანკის განახლებულ შეფასებაში, რომელიც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს მოიცავს, აღნიშნულია, რომ რეგიონის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა დასტაბილურდა, მაგრამ 2000-იანი წლების დასაწყისში არსებულ დონესთან გაცილებით დაბალი ტემპით იზრდება, ნათქვამია მსოფლიო ბანკის ეკონომიკურ განახლებაში, რომელიც გუშინ, 17 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
WB პროგნოზით, რეგიონში ზრდა წელს 3.3% იქნება, ნაკლები 2023 წლის 3.5%-თან შედარებით, 2025 წელს კი 2.6%-მდე შენელდება. ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2000-09 წლების საშუალო 5.1%-იანი ზრდას და დაბალია, ვიდრე რეგიონის საშუალო შემოსავლიანობის მისაღწევად არის საჭირო.
WB შეფასებით, ამჟამად, ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ეკონომიკაში ეკონომიკური ზრდა მიიღწევა ხელფასების ზრდის, სახელმწიფოს სოციალური დახმარებების და ინფლაციის შემცირების ხარჯზე.
ეკონომიკას სტიმულს აძლევს ფულადი გზავნილების შემოდინება დასავლეთ ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
ტურიზმი კიდევ ერთი ნათელი წერტილია რეგიონის ზრდაში, სადაც საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლა აჭარბებს პანდემიამდე დონეს.
„ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებმა მოახერხეს მაღალი ინფლაციური შოკის გადატანა, ასევე გადალახეს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგები და სუსტი ექსპანსია ევროკავშირში, რომელიც რეგიონის ძირითადი საექსპორტო ბაზარია“, – თქვა ანტონელა ბასანმა, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
“განათლების ხარისხი უარესდება”
მსოფლიო ბანკი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს რეგიონის ქვეყნებისთვის მაღალი ხარისხის განათლების აუცილებლობაზე. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებებს საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესებისკენ, განსაკუთრებით უმაღლეს განათლებაში, რომელიც საჭიროა ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად და მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან დაახლოებისთვის.
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რეგიონის ქვეყნებში განათლების ხარისხი უარესდება, როდესაც რეგიონის მრავალი ქვეყანა უკვე დგას მნიშვნელოვანი დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის გამოწვევების წინაშე. მრავალ ქვეყანაში მოსახლეობა სწრაფად ბერდება და სამუშაო ძალის მონაწილეობა ზოგიერთ ქვეყანაში დაბალია, განსაკუთრებით ქალებისთვის.
„რეგიონში გრძელვადიანი ზრდის სტიმულირების ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების ხარისხის ამაღლება, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების,“ – თქვა ივაილო იზვორსკიმ, მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეგიონის მასშტაბით, განათლების ყველა საფეხურზე ჩარიცხვის მაჩვენებლები მაღალია. პრობლემა განათლების ხარისხშია, რომელიც ბოლო წლებში გაუარესდა.
სტუდენტების საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA) ტესტის ქულები, რომელიც ტარდება 15 წლის სტუდენტებისთვის, არსებითად შემცირდა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უმაღლესი განათლება საბაზისო განათლებაზე მეტადაც კი დაბალია.
მაგალითად, მსოფლიო უნივერსიტეტების ტოპ 500 ჯერ უმაღლესი განათლების რეიტინგში რეგიონიდან მხოლოდ ცხრა დაწესებულებაა. უმაღლესი განათლების სისტემების სისუსტეებს შორისაა მოძველებული სასწავლო პროგრამები, ინვესტიციების ნაკლებობა აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურაში, ცუდი მენეჯმენტი და განათლებისა და შრომის ბაზრის საჭიროებებს შორის კავშირის გაწყვეტა.