საქართველოს გავლით ავტომობილების რუსეთში რეექსპორტის შესახებ სტატიას ამჯერად BBC News აქვეყნებს.
სტატიაში წერია, რომ საქართველო იქცა მეორადი მანქანების ჰაბად, სადაც ავტომობილები ძირითადად აშშ-დან არის იმპორტირებული და ბევრი მათგანის საბოლოოდ დანიშნულების ადგილი რუსეთია.
BBC News -ის კორესპონდენტი იმყოფებოდა რუსთავის ავტობაზრომაზეც და ესაუბრა შუა აზიიდან ჩამოსულ ავტოდილებს, რომლებიც საქართველოდან მანქანების რეექსპორტს ახორციელებენ.
ჟურნალისტს ასევე მოჰყავს ერთ-ერთი უმსხვილესი ავტოპარკის მფლობელ კომპანია Caucasus Auto Import-ის დირექტორის მოადგილის დავით გულაშვილის კომენტარი, რომელიც მეორად მანქანებს აშშ-ში აუქციონებზე ყიდულობს. გულაშვილი ამბობს, რომ მისი „ექსპერტების ჯგუფი“ კლიენტებისთვის შეერთებულ შტატებში ყიდულობს დაზიანებულ მანქანებს, რომლებსაც საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ, ადგილობრივი მექანიკოსები არემონტებენ.
დავით გულაშვილი ამბობს, რომ მისი კომპანია რუსეთთან აღარ ვაჭრობს, თუმცა, ის დასძენს, რომ სხვა ქვეყნებში რეექსპორტზე გასული მანქანების საბოლოო დანიშნულების ადგილის მონიტორინგი არ არსებობს.
სტატიაში მოყვანილია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმად, შარშან საქართველოში $3,1 მილიარდის ღირებულების ავტომობილი შემოვიდა. ამავდროულად ქვეყნიდან $2,1 მილიარდის ღირებულების მანქანები გაიტანა, ძირითადად, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
გამოცემა წერს, რომ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს შემოსავლების სამსახურმა გამოაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ მაშინდელი უახლესი დასავლეთის სანქციების შესაბამისად, ზღუდავს აშშ-დან ან ევროპიდან რუსეთსა და ბელორუსში იმპორტირებული ავტომობილების რეექსპორტსა და ტრანზიტს. თუმცა, ქართული მედიის „აიფაქტის“ ბოლოდროინდელმა გამოძიებამ გამოავლინა ხვრელები, რომლებსაც ავტოდილერების არმია იყენებს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ორივე მხარეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა მეორადი მანქანების ექსპორტი ყაზახეთში, ყირგიზეთსა და სომხეთში – ყველა მათგანი რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი საბაჟო კავშირის წევრია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემები აჩვენებს, რომ ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა ამ ქვეყნებში. 2022 წელს საქართველომ ყაზახეთში 7352 მეორადი ავტომობილი გაიტანა, ხოლო 2023 წელს ეს რიცხვი 39896 იყო, რაც ხუთჯერ მეტია.
ყირგიზეთი კი საქართველოსთვის უდიდესი ექსპორტიორი ქვეყანა გახდა, სწორედ ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე. ცნობისთვის, რუსეთ-ყირგიზეთის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 13%-ით გაიზარდა.
როგორც BBC-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, რეექსპორტს ხელს უწყობს ადგილობრივი ავტოსახელოსნოების ხელსაყრელი ფასები. კორესპონდენტი თბილისის გარეუბანში ერთ-ერთ ავტოსახელოსნოშიც იყო, სადაც აშშ-დან ჩამოყვანილი დაზიანებული ავტომობილების აღდგენა ხდება. ამ სახელოსნოებში გარემონტებული ავტომობილების დიდი ნაწილი კი შემდეგ რეექსპორტზე გადის.