საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დააჯარიმა Ridetech Georgia, რომელიც ტაქსის მომსახურებას Yandex Go-ს ბრენდით ახორციელებს.
როგორც მარეგულირებელმა დაადგინა, Yandex Go-ს აპლიკაცია რუსეთში მდებარე სერვერებს უკავშირდებოდა და მძღოლების და მგზავრების პერსონალურ მონაცემებს გადასცემდა.
კომპანია 4000 ლარით დაჯარიმდა ($1450) და მონაცემების გადაცემის შეჩერება დაევალა.
Yandex ტაქსი საქართველოში 2016 წლიდან სხვადასხვა ბრენდის ქვეშ ფუნქციონირებს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Yandex Go-ს საქმიანობა აეკრძალა ესტონეთსა და ლატვიაში – ამ ქვეყნების ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობით ახსნა. ხოლო ევროპის სხვა ქვეყნებში კომპანია ვალდებული იყო ინფორმაცია მხოლოდ ევროკავშირის მონაცემთა ცენტრებში შეენახა.