ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის(IDFI) მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
როგორც IDFI-მ მოიკვლია, რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ასევე ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია მათი იურიდიული, ასევე ფაქტობრივი მისამართის დადგენა.
რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით:
- 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია, რაც საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების 8.1%-ია;
- 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული;
- რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს;
- 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეებს ეკუთვნით;
- რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34,857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი;
- რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების 6%-ის (2,041 კომპანია) თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე.
რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია.
კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული. ყველაზე მეტი კომპანია IT მიმართულებით არის დაკავებული.
2022 წლიდან რუსეთის მოქალაქეებმა 134 უძრავი ქონების სააგენტო დაარეგისტრირეს, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვისა და მომსახურების სფეროში კი დამატებით რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული 213 კომპანია ოპერირებს.
სამშენებლო მასალების მოპოვების/რეალიზაციისა და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების საქმიანობის მიმართულებით 253 კომპანია ფიქსირდება რუსული კაპიტალის მონაწილეობით. მათი ნაწილი აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებშიც. რუსული კავშირის მქონე კომპანიები მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო პრივატიზების პროცესშიც.
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებისა და ინდ. მეწარმეების რეგისტრაცია საქართველოში უმეტესად ფიქტიური მისამართის მითითებით ხდება. საქართველოში გვხვდება ათობით იურიდიული მისამართი სადაც ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. არის შემთხვევები, როდესაც ერთ იურიდიულ მისამართზე 1500-მდე პირია რეგისტრირებული. აღნიშნული მისამართების უმეტესობაზე შენობა-ნაგებობაც კი არ დგას, ტერიტორიების უმეტესობა დაუსახლებელი მიწებია, რომლის კანონიერი მფლობელები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან.