შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტის მიერ გუშინ, 16 სექტემბერს გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ფინანსური სანქციები დაეკისრათ: შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილეს მილერი ლაგაზაურს, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებს კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს.
ზვიად ხარაზიშვილის(„ხარება“) სადამსჯელო ღონისძიება დაკავშირებულია მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან. მითითებულია, რომ ზვიად ხარაზიშვილი, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურთან ერთად, მონაწილეობდნენ თავისუფალი აზრის გამოხატვის ძალადობრივ ჩახშობაში.
სანქციები გულისხმობს, პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონების დაყადაღებას. მათ შორის იმ ქონების, რომელიც შეერთებულ შტატებში ან აშშ-ს მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. გარდა ამისა, ყადაღა ვრცელდება ნებისმიერი სუბიექტზე, რომელიც აღნიშნულ პირებთან ერთად, პირდაპირ ან ირიბად ფლობს ქონების 50%-ს ან მეტს. ამ პირებს უკვე ეზღუდებათ ფინანსურ რესურსებზე წვდომა და სანქციებს უნდა დაემორჩილონ საქართველოში მოქმედი საფინანსო ინსტიტუტებიც.
ზვიად ხარაზიშვილს ოფიციალურად მხოლოდ ქონების მცირე ნაწილი აქვს დეკლარირებული და ეს ქონება საკმაოდ უღიმღამოდ გამოიყურება.
ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მას 2024 წლის 28 ივნისს აქვს შევსებული. დოკუმენტის მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნის ბინა თბილისში, გლდანის III მიკრო/რაიონში, რომელიც 2005 წელს $15 000-ად შეიძინა. ის ამ ბინაში, როგორც ტვ „მთავარს” მეზობლებმა დაუდასტურეს, უკვე 15 წელზე მეტია აღარ ცხოვრობს.
მის საკუთრებაშია 3 მიწის ნაკვეთიც. ერთი, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, 2010 წელს $3000-ად აქვს შეძენილი. 2023 წლის დეკლარაციაში ის 2002 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომობილს Jeep Wrangler-ს უთითებს, რომელიც წელს დოკუმენტში აღარ ფიგურირებს.
ხარაზიშვილს დეკლარაციის შევსების მომენტში “თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 5 443 ლარი ჰქონდა. ხარაზიშვილი დეკლარაციაში უთითებს, რომ მას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის პოსტზე, ხელფასის სახით, 2023 წელს 111 363 ლარი აქვს აღებული. დეკლარაციის მიხედვით, ზვიად ხარაზიშვილი არის შპს „სარანგის“ 50%-იანი წილის მფლობელი. კერძო დაცვის კომპანიაში მისი პარტნიორი ზვიად ჭოხონელიძეა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა.