პუტინმა გადაწყვიტა, დასავლეთი ანტირუსული სანქციებისთვის დასაჯოს. Reuters-ი წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა მთავრობას დაავალა, მოემზადოს შეზღუდვები მსოფლიოში მოთხოვნადი ფერადი ლითონების – ურანის, ტიტანისა და ნიკელის ექსპორტზე. რუსი დიქტატორი ასევე საუბრობს ბუნებრივი აირის, ოქროს და ბრილიანტის ექსპორტის შეზღუდვაზე.
„არ ვამბობ, რომ ეს ხვალ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ვიფიქროთ გარკვეულ შეზღუდვებზე უცხოური ბაზრისთვის… რუსეთი ლიდერია მრავალი სტრატეგიული ტიპის ნედლეულის მარაგებით – ვფლობთ ბუნებრივი აირის მსოფლიო რეზერვების თითქმის 22%-ს, ოქროს – თითქმის 23%-ს, ალმასის – თითქმის 55%-ს”, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ ბირჟაზე ნიკელის ფასების ზრდა გამოიწვია. გაძვირდა ურანის მომპოვებელი ფირმების აქციებიც. ნიკელის ფასმა ლონდონის ბირჟაზე $16,145-ს მიაღწია.
რუსეთი არის მსოფლიოში ნიკელის ყველაზე დიდი მწარმოებელი. ის ჩინეთისა და ევროპისთვის ნიკელის მთავარი მიმწოდებელია. ლითონი გამოიყენება ბატარეებში და შენადნობებში, მათ შორის ჯავშანტექნიკის და ტურბინების წარმოებაში.
რუსეთი არის მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ურანის მწარმოებელი და ურანის გამდიდრების გლობალური სიმძლავრის დაახლოებით 44%-ს ფლობს. 2023 წელს რუსული ირანის მთავარი შემსყიდველები იყვნენ აშშ და ჩინეთი, შემდეგ მოდიან სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, ყაზახეთი და გერმანია.