საერთაშორისო სავალუტო ფონდი(სსფ) გახდება პირველი დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც გაგზავნის თავის ოფიციალურ მისიას რუსეთში უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ სსფ-ის რუსმა დირექტორმა ალექსეი მოჟინმა Reuters-ს უთხრა.
მოჟინმა თქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ონლაინ ფორმატით დაიწყება 16 სექტემბერს, 1 ოქტომბრამდე კი მოსკოვში უკვე ფონდის დელეგაცია ჩავა რუს ოფიციალურ პირებთან შესახვედრად. მისიას არგენტინელი ჟაკ მინიანი უხელმძღვანელებს.
სსფ-ს ბოლო მისია რუსეთში 2019 წლის ნოემბერში იყო. უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ სსფ-ის მისიები რუსეთში არ ყოფილა.
ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ მოითხოვა სსფ–დან რუსეთის გაძევება უკრაინაში შემოჭრის შემდეგ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რადგან ჩინეთი და ინდოეთი ამის წინააღმდეგ წავიდნენ.
რუს მოჟინს უახლოეს მომავალში ბანკირი ქსენია იუდაევა ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ის მიერ არის სანქცირებული.
სსფ-ის გადაწყვეტილება გააპროტესტა უკრაინამ და დაჟინებით მოუწოდებს, არ განაახლოს თანამშრომლობა რუსეთის ფედერაციასთან, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.