იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თამარ ტყეშელაშვილი ამბობს, რომ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელთა“ რეესტრში ნებაყოფლობით 469 ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
მისივე თქმით, რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირება ქვეყანაში არსებული 31,200 -ზე მეტი ორგანიზაციიდან 2%-ზე ნაკლებმა მოითხოვა. როგორც ცნობილია, რეგისტაციის ვადა დღეს, 18:00 საათზე ამოიწურა.
„ამ წუთის მდგომარეობით ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 არასამთავრობო ორგანიზაციას. ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და ჩვენ დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის“, – თქვა მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
თამარ ტყეშელაშვილის თქმით, რეგისტრაციის ვადის ამოიწურვის შემდეგ, „უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ“.
„დღეს სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა, ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც მათ რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობით მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ, იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი, რომ განმეორებით ქმედებებს არ ჰქონდეს ადგილი და გაგრძელდეს თანამშრომლობა უწყებასთან, სახელმწიფოსთან და უზრუნველყოფილი იყოს კანონის მიზანი“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.