საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 1000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს ახლად აშენებულ კორპუსებში ბინებს გადასცემენ.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტში შესაბამისი თანხები მომავალი წლიდანაც იქნება გათვალისწინებული.
„ქართულ ჯარზე ზრუნვა არის საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული პრიორიტეტი და ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების დაფასებას. ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, 1000 ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცემა ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში.
მადლობა თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის მინისტრს, იმისათვის, რომ ეს პროგრამა წარმატებით მივიდა ბოლომდე. პროგრამა უნდა გაგრძელდეს და მე მინდა ვთხოვო თავდაცვის მინისტრს, მოამზადოს შემდეგი ეტაპის გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტ სამხედრო მოსამსახურეს გადავცეთ ბინები ახლად აშენებულ კორპუსებში. ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება გათვალისწინებული მომავალი წლიდანაც“, – თქვა პრემიერმა.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსები, “ჯარის ქალაქი“ თბილისში მახათას მთაზე შენდება. პროექტის თანახმად, 7-სართულიან კორპუსები 1092 ბინისგან შედგება. მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია ახორციელებს.
სამხედროები უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლებენ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით $200 დოლარი იქნება, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით $100 დოლარს გადაიხდიან.