ილონ მასკი ამბობს, რომ კადიროვისთვის Tesla Cybertruck პიკაპი არ უჩუქებია. მილიარდერმა X-ში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც კადიროვი “ჩამორჩენილად” მოიხსენია.
„სერიოზულად იმდენად ჩამორჩენილი ხარ, რომ გგონია, რუს გენერალს Cybertruck-ს ვაჩუქებდი? ეს საოცარია“, – წერს Tesla-ს ხელმძღვანელი.
როგორც ცნობილია, შაბათს, 17 აგვისტოს, ჩეჩნეთის პირველმა პირმა ტელეგრამაზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც Tesla Cybertruck-ზე ავტომატი ჰქონდა დაყენებული და თქვა, რომ მანქანა უკრაინაში მებრძოლებს გაუგზავნა.
„ჩვენ მივიღეთ Tesla-ს მანქანა პატივცემული ილონ მასკისგან. სიამოვნებით გამოვცადე ახალი ტექნოლოგია და პირადად დავრწმუნდი, რომ შემთხვევითი არ არის, რომ მას “კიბერმხეცი” ჰქვია”, – ამბობს კადიროვი ვიდეოში.
მან მადლობა გადაუხადა მასკს მანქანის მოწოდებისთვის. „ილონ, გმადლობთ! ჩამოდი გროზნოში, მე მიგიღებ, როგორც ძვირფას სტუმარს! არ მგონია, ჩვენი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წინააღმდეგი იყოს ასეთი მოგზაურობის“, – განაცხადა კადიროვმა.
ავტომობილის ფასი $60 990-დან $99 990-მდე მერყეობს.