ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს.
„ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და მისი საქმიანობის შეფერხებაზე საუბარი არ არის. რეალურად, ლუგარის ლაბორატორიაც და დაავადებათა კონტროლის ცენტრიც შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, სამინისტრო გადახედავს პროექტებს, რომ “მის განვითარებას შეფერხება არ ჰქონდეს”.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი ოდენობის ფინანსურ დახმარებას უჩერებს.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, $95 მილიონის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია „მტკნარი სიცრუეა”.