ოლიმპიური მედალი სპორტსმენისთვის ყველაზე ღირებული ჯილდოა, მაგრამ მას არ მოჰყვება ფინანსური პრიზი უშუალოდ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან (IOC), თამაშების ორგანიზატორისგან. ეს იმიტომ, რომ ოლიმპიური თამაშები თავიდანვე ჩამოყალიბდა, როგორც სამოყვარულო შეჯიბრი.
ამის ნაცვლად, IOC ფულს სპორტისა და მისი სპორტსმენების განვითარების დანიშნულებით გასცემს.
ამჯერადაც, IOC მთელი თავისი შემოსავლის 90%-ს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებსა და საერთაშორისო ფედერაციებს გადაუნაწილებს. ის თითოეულ საშეჯიბრო დღეზე $4,2 მილიონს გადაიხდის. შემდეგ უკვე ამ ორგანიზაციების გადასაწყვეტია, როგორ მოახმარონ თანხა თავიანთ სპორტსმენებს და სპორტის განვითარებას.
ფორდჰემის უნივერსიტეტის სამართლისა და ეთიკის პროფესორის, მარკ კონრადის თქმით, ეს მოდელი სავარაუდოდ მალე არ შეიცვლება.
2024 წელი პირველი წელია, როდესაც სპორტსმენები ოქროს მედლებისთვის საპრიზო ფულს მიიღებენ
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი(IOC) გამარჯვებულ სპორტსმენებზე პირდაპირ საპრიზო თანხას არ გასცემს, მძლეოსნობის მმართველმა ორგანომ გადაწყვიტა ამ სახეობის სპორტსმენები დააჯილდოოს.
მძლეოსნობის სახეობებში ოქროს მედალოსნებისთვის WA-მ გამოყო $2,4 მილიონის საპრიზო ფონდი IOC-გან მიღებული შემოსავლებიდან, რომელიც მას ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ერიცხება.
ისინი, ვინც მძლეოსნობის 48 შეჯიბრში ოქროს მოიპოვებს, მიიღებს $50,000-ს, იმავე თანხას მიიღებენ გამარჯვებული გუნდებიც სპორტსმენებს შორის გასანაწილებლად.
WA ასევე აპირებს ბონუსების სისტემა გაავრცელოს ოლიმპიური ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნებზე 2028 წლის ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე.
განცხადებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საერთაშორისო ოლიმპიური ფედერაციების ასოციაციამ (ASOIF) განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ეს ნაბიჯი, რადგან საპრიზო თანხის შემოღება „ძირს უთხრის ოლიმპიადის ღირებულებებს”.
კრივის საერთაშორისო ასოციაციამ (IBA) მაისში ასევე გამოაცხადა, რომ გამარჯვებული მოკრივეებისთვის $3,1 მილიონზე მეტ ჯილდოს გამოყოფს.
ოქროს მედალოსნები IBA–გან მიიღებენ $50 000-ს, სპორტსმენის მწვრთნელი მიიღებს $25,000-ს. ვერცხლის მედალოსნები მიიღებენ $50,000-ს, ბრინჯაოს მედლისთვის სპორტსმენს $12500 დოლარი გადაეცემა
სპორტსმენების სხვა ანაზღაურება
სპორტსმენებს ასევე შეუძლიათ მიიღონ საპრიზო თანხა სხვა საშუალებებით.
IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა განმარტა, რომ სპორტსმენებისთვის “ჩვეულებრივი პრაქტიკაა” მიღწევებისთვის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტებისგან, სამთავრობო ორგანოებიდან ან სპონსორებისგან პრიზების მიღება.
მაგალითად, აშშ-ს ოლიმპიური და პარაოლიმპიური კომიტეტი (USOPC) ოქროს მედლის მფლობელ სპორტსმენებს უხდის $37,500, $22,500 ვერცხლისთვის და $15,000 ბრინჯაოსთვის.
მალაიზიa ოქროს მედლების მფლობელებს დაახლოებით $236,000-ს გადასცემს, ყაზახეთი $250,000-ს. ხოლო გამარჯვებული სპორტსმენები სინგაპურიდან დაახლოებით $737,000-ს მიიღებენ.
რაც შეეხება ქართველი ოლიმპიელების ჯილდოებს, საქართველოს მთავრობა მილიონ ლარს გამოყოფს ოლიმპიური ჩემპიონებისთვის, 500 ათასი ლარი ვერცხლის მედლის შემთხვევაში და 250 ათასი ლარი ბრინჯაოს პრიზიორებისთვის.