საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი სავაჭრო გარიგება დაიდო.
ენერგეტიკული ბირჟის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაჭრობა 1022 მგვტ.სთ ელექტროენერგიაზე შეადგა, ხოლო 1 მგვტ.სთ ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა – 126.43 ლარი შეადგინა.
ელექტროენერგიის შესყიდვა 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის მოხდა.
ცნობისთვის, პირველი ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ ივლისს ამოქმედდა, თუმცა, სავაჭრო შეთანხმება 23 ივლისამდე ვერ შედგა.
ენერგეტიკულ ბირჟას ამ ეტაპზე ბაზრის 11 მონაწილე ჰყავს. აქედან ელექტროენერგიით ვაჭრობას 9 შპს და 2 სააქციო საზოგადოება ახორციელებს. ყველა მათგანი დღით ადრე და დღიური ვაჭრობის მოდელში არიან ჩართულები.
საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟის ვებ-გვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 23 ბირჟაზე შემდეგი კომპანიები არიან დარეგისტრირებული:
- სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
- შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“;
- შპს „სვანეთი ჰიდრო“;
- შპს „ჰიდრო ჯორჯია“;
- შპს „კასლეთი 2“;
- შპს „გეოენერჯი“;
- შპს „ლილო მოლი“;
- სს „თელასი“;
- შპს „ენერგი დეველოფმენტ ჯორჯია“;
- შპს „რიცეულაჰესი“;
- შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“.
როგორც ცნობილია, ენერგეტიკული ბირჟა ნებაყოფლობით რეჟიმში მუშაობს. ბირჟაზე მონაწილეობის წასახალისებლად, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე, ბირჟაზე არსებული საკომისიოები განულებულია. ბირჟის სრული ამოქმედება კი 2025 წლის 1-ელი ივლისიდან იგეგმება.