2024 წლის პირველ ნახევარში, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში 3.9%-ით გაიზარდა და 7.33 ტვტ.სთ.-ს მიაღწია. მთლიან გამომუშავებაში ჰიდროსადგურების წილი 82.6% იყო, თბოსადგურების წილი 16.9%, ხოლო ქარის ენერგიის წილმა 0.5% შეადგინა.
ჰიდროელექტროსადგურებმა ამ პერიოდში გამოიმუშავეს 6.06 ტვტ.სთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის პირველ ნახევართან შედარებით, 13,5%-ით არის გაზრდილი.
ელექტროენერგიის წარმოება(ტვტ.სთ) და წლიური ცვლილება(%) 2019-2024წწ.
ჰესებისგან განსხვავებით, შემცირებულია თბო და ქარის სადგურების გამომუშავება. პირველის შემთხვევაში გამომუშავება 1.24 ტვტ.სთ იყო, რაც წლიურად 26,3%-იანი კლებაა. ქარის ელექტროსადგურებმა 39,4 გვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც წინა წლის იანვარ-ივნისის პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის შემცირებული.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ელექტროსისტემას ორი ჰიდროსადგური დაემატა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 46.4 მეგავატი და ჯამური საპროგნოზო გამომუშავებით 209.4 გვტ. სთ. მეორე მხრივ, წლიურად 75%-ით გაიზარდა ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული სადგურების სიმძლავრე და 82.02 მეგავატს მიაღწია.