აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს შეფასების ახალი ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშში ქვეყნის საბანკო სისტემა სტაბილურად არის შეაფასებული.
„საბანკო სექტორი არის სტაბილური, კარგად კაპიტალიზებული, ლიკვიდური და მომგებიანი. ფინანსური სექტორი ინარჩუნებს კაპიტალისა და ლიკვიდურობის ბუფერებს პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ. უმოქმედო სესხების წილი (4.1% 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით) კლებულობს. საქართველოს საბანკო ზედამხედველობის პრაქტიკა და რეგულაციები მნიშვნელოვნად განვითარდა და დიდწილად შეესაბამება ბაზელის/ევროკავშირის დირექტივებს”,- აღნიშნულია ანგარიშში.
რაც შეეხება საბანკო სექტორში არსებულ გამოწვევებს, სახდეპი ძირითად პრობლემად ასახელებს დოლარიზაციის მაღალ მაჩვენებელს.
„პროგრესის მიუხედავად, მაღალი დოლარიზაცია რჩება სისტემის მთავარ გამოწვევად, იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 45% გაიცემა უცხოურ ვალუტაში, ძირითადად არაჰეჯირებული მსესხებლებზე”,- წერია ანგარიშში.
სახდეპის შეფასებით, საბანკო სისტემამ კარგად გაუძლო პანდემიისა და რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომით გამოწვეულ შოკებს, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ასახავს მძლავრ მარეგულირებელ და საზედამხედველო სისტემას.
საბანკო საქმე საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. 2023 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საბანკო სექტორი შედგება 15 კომერციული ბანკისგან, მათ შორის 13 უცხოური კონტროლის ქვეშ მყოფი ბანკისგან, 140 კომერციული ბანკის ფილიალით და 794 სერვის ცენტრით.