FBI-ის თანამშრომლებმა წვდომა მოიპოვეს 20 წლის თომას მეთიუ კრუკსის ტელეფონზე, რომელმაც დონალდ ტრამპს პენსილვანიაში გამართულ მიტინგზე ესროლა. მიმდინარეობს მისი ელექტრონულ მოწყობილობების შესწავლა. ამის შესახებ ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.
როგორც The New York Times წერს, ექსპერტები ეცნობიან ეჭვმიტანილის მიმოწერას და აქტივობას სოციალურ ქსელებში. ისინი ჯერ ვერაფერს ამბობენ კრუქსის მოტივების შესახებ.
FBI-ის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დაზვერვის ოფიცრებმა გამოჰკითხეს 100-ზე მეტი ადამიანი (მათ შორის აქციის მონაწილეები, სადაც სროლა მოხდა და “სხვა მოწმეები”).
ჯერჯერობით ცნობილია, რომ კრუკსი დაახლოებით 70 კილომეტრში ცხოვრობდა იმ ადგილიდან, სადაც ტრამპის საარჩევნო მიტინგი გაიმართა. მან დაამთავრა ადგილობრივი საშუალო სკოლა 2022 წელს მათემატიკისა და მეცნიერების ეროვნული ინიციატივის $500 ჯილდოთი.
The Washington Post-ის ცნობით, კრუკსი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ის მუშაობდა სამზარეულოში ადგილობრივ მოხუცთა თავშესაფარში, რომელიც მისი სახლიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. დაწესებულების ადმინისტრატორის თქმით, მათ დაწესებულებაში მუშაობისას კრუქსს პრობლემები არ ჰქონია და “მისი წარსული სუფთა იყო”.
FBI-მა ჯერ ვერანაირი ცნობა აღმოაჩინა კრუკსის მიერ მკვლელობის მცდელობის მომზადების შესახებ. ის არასოდეს ყოფილა გამოძიების ქვეშ.
მას უყვარდა ჭადრაკი და ვიდეო თამაშები, ასევე დაკავებული იყო პროგრამირებით. კრუკსს არ ჰქონდა საჯარო პროფილი პოპულარულ სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ზე. Discord-ის პლატფორმის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღმოაჩინა ეჭვმიტანილთან დაკავშირებული ანგარიში, მაგრამ ის არ იყო აქტიური და არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ის მკვლელობის მცდელობის მოსამზადებლად გამოიყენებოდა.
კრუკსის ორმა ყოფილმა კლასელმა თქვა, რომ მის საქციელში საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. ერთ-ერთმა მათგანმა, ზაკ ბრედფორდმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრუკსი “წარმოუდგენლად ჭკვიანი” იყო და მისი შეხედულებები საშუალო სკოლაში “ოდნავ მემარჯვენე” ჩანდა.
“ტომი კარგი ბიჭი იყო, მეგონა, რომ მას კარგი ცხოვრება ექნებოდა. არ ვიცი, რამ აიძულა მას ამის გაკეთება, ”– თქვა კრუკსის ერთ-ერთმა თანაკლასელმა.
2024 წლის მაისში კრუქსმა ალეგენის საოლქო საზოგადოების კოლეჯი წარჩინებით დაამთავრა, სადაც მიიღო ასოცირებული ხარისხი ინჟინერიაში. კოლეჯის წარმომადგენლებმა BBC News-ს განუცხადეს, რომ მას დისციპლინური დარღვევა არ ჰქონია.
ცნობილი გახდა, რომ კრუქსი ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდა, როგორც რესპუბლიკელების მხარდამჭერი. მას პირველად უნდა მიეღო მონაწილეობა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. 2021 წელს მან 15 დოლარი შესწირა ActBlue-ს მეშვეობით Progressive Turnout Project-ს.
BBC News წერს, რომ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში კრუკსი ადგილობრივი სროლის კლუბის Clairton Athletes Club-ის წევრი იყო, რომელსაც ორ ათასზე მეტი წევრი ჰყავს. კლუბს რამდენიმე სასროლეთი აქვს, მათ შორის 171 მეტრამდე სამიზნეებით. დადიოდა თუ არა კრუქსი კლუბში და რამდენად რეგულარულად, ამის შესახებ სტატიაში არ არის მითითებული.