Neuralink უსადენო ჩიპის მეორე პაციენტის ტვინში ჩანერგვისთვის ემზადება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა. ოპერაცია დაახლოებით ერთ კვირაში ჩატარდება.
X პლატფორმაზე დისკუსიის დროს მილიარდერმა და Neuralink-ის რამდენიმე თანამშრომელმა ისაუბრეს მოწყობილობის შესაძლებლობებზე, როგორიცაა ადამიანის დამბლისა და მეხსიერების დაკარგვისგან განკურნება.
კომპანია, მოწყობილობით “ტელეპათია”, ცდილობს დაეხმაროს თავისა და ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებს, რათა მათ შეძლონ “გონების ძალით” აკონტროლონ სმარტფონები და კომპიუტერები.
მასკმა აღნიშნა, რომ მათი გრძელვადიანი მიზანია შეამსუბუქოს ” ხელოვნური ინტელექტის ცივილიზაციური რისკები”. ის ამტკიცებს, რომ Neuralink-ს შეუძლია ამის გაკეთება „ადამიანსა და ციფრულ ინტელექტს შორის უფრო მჭიდრო სიმბიოზის“ შექმნით.
Neuralink-ის დამფუძნებლის თქმით, ძველი მოდელების მქონე პაციენტებ უნდა შეეძლოთ ახალ მოდელებზე გადასვლა.
Neuralink-მა პირველ პაციენტს ჩიპი 2024 წლის დასაწყისში ჩაუნერგა. ის იყო ნოლან არბო, რომელიც ავარიის შემდეგ მხრების ქვემოთ პარალიზებული იყო. მოწყობილობის მეშვეობით მამაკაცმა გონების ძალით შეძლო ვიდეო თამაშების თამაში, ინტერნეტის დათვალიერება და ლეპტოპზე კურსორის გადატანა.
პირველი ოპერაციიდან მალევე ცნობილი გახდა მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. თუმცა, კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრამული ცვლილებებით არბომ მოწყობილობის ფუნქციების გამოყენება ისევ შეძლო.
მოგვიანებით, კომპანიამ აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) მეორე ადამიანში ტვინის ჩიპის ჩანერგვის ნებართვა მიიღო. მალევე ითქვა, რომ კომპანია ოპერაციისთვის ემზადებოდა, თუმცა ოპერაცია გადადო და მისი ჩატარება მომავალ კვირისთვის დაიგეგმა.