პერსონალური კომპიუტერების გლობალური მიწოდება იზრდება. მხოლოდ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მოთხოვნამ 3%-ით მოიმატა, რაც ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილ მოწყობილობებზე მოთხოვნის ზრდით არის გამოწვეული.
Reuters-ის ინფორმაციით, მეორე კვარტალში პერსონალური კომპიუტერების მიწოდებამ 64,9 მლნ ერთეულს მიაღწია, ხოლო მწარმოებლებს შორის ყველაზე დიდ ზრდას Apple ავლენს.
ბაზრის კვლევის კომპანია International Data Corporation-ის (IDC) მონაცემებით, Apple-ის კომპიუტეერების მიწოდება, 2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 20,8%-ით გაიზარდა, რაც კომპიუტერების გლობალურ მწარმოებლებს შორის ყველაზე დიდი ზრდაა.
Apple-ს 13,7%-იანი ზრდით Acer Group მოჰყვება.
ტექნიკის გაყიდვები საქართველოში
პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაზეც გაზრდილი იმპორტის მაჩვენებელიც მეტყველებს. 2024 წლის იანვარ-მაისში გამომთვლელი მანქანების იმპორტმა პანდემიამდელ 2019 წლის სრულ მაჩვენებელს თითქმის 85%-ით გადააჭარბა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, წელს ხუთ თვეში კომპოიტერული ტექნიკის იმპორტმა $140.020 მლნ შეადგინა, 2019 წლის 12 თვეში კი $75.856 მლნ, ხუთ თვეში კი მხოლოდ $24.620 მლნ.
ზრდა ფიქსირდება 2023 წლის ხუთ თვესთან შედარებითაც, კერძოდ, შარშან იანვარ-მაისში საქართველომ უცხოეთში $75.726 მლნ-ს კომპიუტერული ტექნიკა იყიდა, 12 თვეში კი $159.409 მლნ-ს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გამომთვლელი მანქანებისა და მათი ბლოკების მთავარი მომწოდებელი ჰონ-კონგი, ჩინეთი და ნიდერლანდებია. (ჩინეთი და ნიდერლანდები იყვნენ მთავარი იმპორტიორები 2019 წელსაც). ხუთეულში შედიან – ჩეხეთი და პანამა.
ტოპ-5 იმპორტიორი ქვეყანა:
- ჰონ-კონგი – $73.946 მლნ
- ჩინეთი – $22.849 მლნ
- ნიდერლანდები – $10.712 მლნ
- ჩეხეთი – $7.919 მლნ
- პანამა – $4.985 მლნ