პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის წინააღმდეგ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიამ BFMTV 9 ივლისს გაავრცელა.
საქმე ეხება 2022 წელს ლე პენის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას.
პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება წინასაარჩევნო კამპანიის ანგარიშებისა და პოლიტიკური ფინანსების ეროვნული კომისიის 2023 წლის ანგარიშის საფუძველზე მიიღო. გამოძიება ცოტა ხნის წინ დაიწყო.
ცნობისთვის, საფრანგეთში, საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატებს ხარჯებზე დადგენილი ლიმიტის გადაჭარბება ეკრძალებათ და ამ პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი საარჩევნო კამპანიის ხარჯების ნაწილს სახელმწიფო ანაზღაურებს. თუ კანდიდატები ამ წესს არ დაემორჩილებიან, კომისიას შეუძლია შეამციროს ანაზღაურების ოდენობა და, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს საკითხი გამოძიებას.
არხის ცნობით, მარინ ლე პენი ერთადერთი არ არის, ვის წინააღმდეგაც კომისიამ პროკურატურას მიმართა.
მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა პარტიამ არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა, მაგრამ მეორე ტურში მესამე ადგილი დაიკავა.
კარიერის განმავლობაში მარინ ლე პენმა სამჯერ იყარა კენჭი საპრეზიდენტო არჩევნებში: 2012, 2017 და 2022 წლებში. ბოლო ორი კამპანიის დროს მან არჩევნების მეორე ტურამდე მიაღწია, მაგრამ ორივეჯერ წააგო ემანუელ მაკრონთან.
2023 წლის სექტემბერში პარიზის პროკურატურამ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო ლე პენის და პარტიის სხვა წევრების წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების გამო.