ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა რეფორმისტმა კანდიდატმა მასუდ პეზეშკიანმა. მან 16 384 403 ხმა მიიღო, ხოლო კონსერვატიულ კანდიდატს საიდ ჯალილის ხმა 13 538 179-მა ამომრჩეველმა მისცა.
ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის მემკვიდრის ასარჩევად ორი ტურის გამართვა გახდა საჭირო.
28 ივნისის არჩევნების პირველ ტურში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. მათგან ვერცერთმა მოიპოვა აბსოლუტური უმრავლესობა, რის შედეგადაც პეზეშკიანსა და ჯალილს შორის მეორე ტურის გამართვა გახდა საჭირო. პირველ ტურში მონაწილეობა 24 მილიონზე მეტმა ირანელმა მიიღო.
ირანული პრესის ინფორმაციით, მეორე ტურში ამომრჩეველთა რაოდენობამ კი 27 მილიონს გადააჭარბა.
ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაახლოებით 61 მილიონ ადამიანს ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, როგორც ირანში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ირანელების აქტივობა ამ არჩევნების პერიოდში ძალიან მაღალი იყო და მისი მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნილა.