ოქრო 2024 წლის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ აქტივად რჩება. გუშინდელ ვაჭრობაზე უნცია ოქროს ფასი კიდევ გაიზარდა და $2360-ს მიაღწია.
ოქროს ფასი 2024 წელს 13%-ზე მეტად არის მომატებული და ამ მაჩვენებლით უსწრებს სხვა აქტივების უმეტესობას.
ოქროს აქტიურად ყიდულობენ ცენტრალური ბანკები რეზერვებისთვის და ეს პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, ძვირფასი ლითონი მომხმარებელთა მდგრადი მოთხოვნით სარგებლობს გეოპოლიტიკური გაურკვევლობის პირობებში.
მოსალოდნელია თუ არა ოქროზე მოთხოვნის კლება?
როგორც ეკონომისტები ამბობენ, ოქროზე მაღალი ფასის შენარჩუნებას ხელს უწყობს ის ფაქტორი, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, კვლავაც მერყეობას განიცდიან.
ასევე, უმეტეს ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია შენელებულია, რასაც ინფლაცია განაპირობებს.
World Gold Council -ის ექსპერტების პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ოქროს ფასი დასტაბილურდება. თუმცა, იმასაც აღნიშნავენ ყველაფერი იშვიათად მიდის გეგმის მიხედვით.
„ოქროსთვის კატალიზატორი შეიძლება იყოს განვითარებულ ბაზრებზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების დაწევა, რომელიც იზიდავს დასავლურ ინვესტიციებს. ამას ელოდებიან გლობალური ინვესტორები, რომლებიც ცდილობენ რისკების ჰეჯირებას, მუდმივი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე.
რისკებისგან დაზღვეული არც ოქროა. მისი ფასი შეიძლება შეამციროს ცენტრალური ბანკის მხრიდან მოთხოვნის საგრძნობმა ვარდნამ ან აზიელი ინვესტორების მოგების ზრდამ”,- აღნიშნულია World Gold Council -ის შეფასებაში.