Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიური გიგანტის კიდევ 25 მილიონ აქციას გაყიდის, რაც დაახლოებით $5 მილიარდის ღირებულების იქნება.
ამის შესახებ ბეზოსმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ოთხშაბათს, 3 ივლისს, კომპანიის აქციების ფასმა საფონდო ბირჟაზე რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.
Amazon-ის მფლობელმა პირველად თებერვალში თქვა, რომ დაახლოებით $8,5 მილიარდის ღირებულების აქციებს გაყიდვას აპირებდა.
ეს პირველი შემთხვევა იყო 2021 წლის შემდეგ, როცა მან Amazon-ის აქციების გასხვისება გადაწყვიტა. ამის მიუხედავად, ბეზოსი კვლავაც კომპანიის უმსხვილეს აქციონერად რჩება.
გასულ თვეში Amazon-ის ღირებულებამ პირველად $2 ტრილიონს გადააჭარბა.
თუმცა, ის ჯერ კიდევ ჩამორჩება სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ გიგანტებს Nvidia-ს, Apple-ს და Microsoft-ს, რომლებმაც $3 ტრილიონის ზღვარი გადალახეს.
Amazon-ის აქციები წელს 30%-ზე მეტით გაძვირდა იმ მოლოდით, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიაზე მზარდი მოთხოვნა კომპანიის მოგებას გაზრდიდა. მართლაც, კომპანიამ წელს პირველ კვარტალში რეკორდული მოგება აჩვენა, რაც მენეჯმენტის თქმით, ადასტურებს, რომ მათი ფსონი AI-ზე შედეგიანი იყო.
ბეზოსმა Amazon 1994 წელს დაარსა, ვაშინგტონის შტატის ქალაქ ბელვიში მდებარე ავტოფარეხში, როდესაც ინტერნეტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო.
ბეზოსი Forbes-ის მილიარდერების სიაში მეორე ადგილს იკავებს. მისი ქონება დაახლოებით $214 მილიარდს შეადგენს.