დღეს, 1 ივლისს მუშაობას იწყებს ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც რამდენჯერმე გადავადდა.
პირველ ეტაპზე ბირჟა ფუნქციონირებას დღიური ბაზრების პრინციპით დაიწყებს. შემდეგ ეტაპზე კი მას ექნება საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიდო.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რაც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში.
შეზღუდული რეჟიმი გულისხმობს, რომ ბაზრის მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ელექტროენერგიით ვაჭრობა განახორციელონ დამატებით პლატფორმებზე და ეს იქნება გარდამავალი პროცესი, რაც ხელს შეუწყობს „სამიზნე მოდელზე“ გადასვლას. სამიზნე მოდელი კი სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარი იქნება.
პირველ ეტაპზე, ვაჭრობაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობას მიიღებენ ელექტროენერგიის თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები, მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები და ტრეიდერები.
როგორც ცნობილია, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მთავრობამ ბოლო წლების განმავლობაში 6-ჯერ გადაავადა. ამის მიზეზად ეკონომიკის სამინისტრო გეოპოლიტიკური მოვლენებს ასახელებდა, რაც ფასებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთებას ხელს უშლიდა.
ამ ეტაპზე ჯერჯერობით მკაფიო არ არის, გაიყიდება თუ არა ბირჟაზე იმპორტირებული ელექტროენერგია და როგორ იმოქმედებს ის ტარიფზე.
ასევე ჯერ არ არის გარკვეული, როგორი პოლიტიკა იმოქმედებს ბირჟაზე ელექტროენერგიის უბალანსობის შემთხვევაში, კერძოდ, როცა ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარებას შორის დისბალანსი იქნება. ახალი ბაზრის მოდელის მიხედვით, უბალანსობაზე პასუხისმგებელი პირი (როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს) უნდა დაჯარიმდეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული მიდგომა პირველ ეტაპზე ამოქმედდება თუ არა.
ექსპერტების შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟას სრულადყოფილად ამუშავებისთვის რამდენიმე წელი დასჭირდება.