2024 წელს თხილის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო 23 844 075 ლარს გამოყოფს.
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა, რომლითაც „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის №516 დადგენილებაში ცვლილებებს ითვალისწინებს.
დადგენილების თანახმად, „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს 2022 – 2024 წლებისთვის ჯამურად არაუმეტეს 48 612 000 (ორმოცდარვა მილიონ ექვსას თორმეტი ათასი) ლარის გამოყოფა“.
2022-2023 წლებში თხილის წარმოების სუბსიდირების ბიუჯეტი 21, 470 მილიონი ლარს შეადგენდა, შემდეგ კი თანხა 23,980 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
მიმდინარე წლის სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონ 632 ათას ლარით განისაზღვრა, საიდანაც 790 ათასამდე ლარი ადმინისტრაციული ხარჯია.
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით.
პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.