„იმ აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება სოფელ წიწამურთან მომხდარი ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება 24 ივნისიდან ეტაპობრივად აღუდგება”,- ნათქვამია
ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის(GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომპანიიც ცნობით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია, ამჟამად მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც ქსელის შევსება დაიწყება.
„ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს. ქსელის შევსების შემდეგ ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ აღნიშნული მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად”,- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მილსადენი 17 ივნისს დაზიანდა, რის შემდეგაც დედაქალაქის და მცხეთის მოსახლეობის ნაწილი წყლის გარეშე დარჩა. დაზიანება მილსადენზე დიდი რაოდენობით ნაყარი მასალის დაყრამ გამოიწვია.
კომპანიის ინფორმაციით, მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები და ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება.