2024 წლის მაისში უკრაინის მშპ 3,7%-ით გაიზარდა, წინა წლის მაისთან შედარებით. ქვეყნის ეკონომიკა ომით გამოწვეული შენელების მიუხედავად, აგრძელებს აღდგენას. მშპ-ს ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ექსპორტის მაღალმა მაჩვენებლებმა.
ხოლო 2024 წლის ხუთ თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,3% შეადგინა.
უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, საომარი მოქმედებების ინტენსივობის ზრდამ, ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბომბვამ და ელექტროენერგიის დეფიციტმა მაისში ეკონომიკური ზრდა შეაფერხა.
თუმცა, ექსპორტის მაღალი მაჩვენებლების გამო, ასევე ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი დაფინანსების გავლენით, მშპ 3,7%-ით გაიზარდა.
დადებითი ტენდენციები დაფიქსირდა ტრანსპორტის სექტორში, მრეწველობაში, მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში და ვაჭრობის სექტორში. უარყოფით ფაქტორებს შორის არის კვალიფიციური კადრების მნიშვნელოვანი დეფიციტი, აგრესორის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება.
2024 წლის აპრილში უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, გასული წლის აპრილთან შედარებით, დაახლოებით 4.3% იყო. უკრაინაში ეკონომიკური აღდგენის ტემპი შენელდა ენერგეტიკის სექტორზე თავდასხმების შემდეგ.