საქართველოში არსებულ ელევატორებში შენახული პროდუქციის მოცულობა შემცირებულია. ამას აჩვენებს საქსტატის 2023 წლის მონაცემები.
თუ 2022 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 477.7 ათასი ტონა
პროდუქცია, 2023 წლის მათი მოცულობა 386.4 ათას ტონამდე შემცირდა, რაც თითქმის 20%-იანი კლებაა.
შემცირება ხორბლის ხარჯზე მოხდა. კერძოდ, ხორბლის წილი 2022 წელს თუ 68.9%-ს, შარშან 53.2%-მდე ჩამოვიდა. სამაგიეროდ გაზრდილია სოიოს შროტის და სიმინდის წილი, შესაბამისად, 24,4% და 11,3%-მდე.
შემცირებულია ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციის მოცულობაც.
2022 წლის განმავლობაში ელევატორებმა 292.4 მლნ. ლარის ღირებულების 306.6 ათასი ტონა პროდუქცია გაყიდეს, საიდანაც 50.1% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების იყო. ხოლო 2023 წელს გაყიდული პროდუქციის ღირებულება 253.7 მლნ. ლარამდე შემცირდა(გაყიდულია 237.6 ათასი ტონა პროდუქცია), საიდანაც მხოლოდ 44.2% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების.
საქსტატის თანახმად, 2023 წელს საქართველოში 2 ახალი ელევატორი ამუშავდა და მათი რიცხვი 43-მდე გაიზარდა (2022 წელს – 41).
ელევატორების უმრავლესობა ქვემო ქართლის (25.6%) და კახეთის (23.3%) რეგიონებშია განთავსებული.
ელევატორების 11.6% სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონშია, 11.6% -11.6% იმერეთის რეგიონში, ქ. თბილისში, 9.3% შიდა ქართლისრეგიონში, 4.7% – გურიის რეგიონში და 2.3% – აჭარის არ-ში.
ელევატორების მიერ პროდუქციის გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა 4.6 მლნ. ლარი შეადგინა.
2023 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი, კერძოდ 97.6%, სოიოს შროტზე მოდიოდა.
ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 84.4%) და ქატო (12.6%).
ელევატორების 46.5% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 39.5% აღჭურვილია ნაწილობრივ, ხოლო 14% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სესხით სარგებლობს ელევატორების 46.5%. აქედან 35%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებული გაუმჯობესების მიზნით), 65%-ს – საბრუნავი კაპიტალისათვის.