2023 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, თუ 2022 წელს ქვეყანაში 333 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, 2023 წელს ამ მაჩვენებელმა 373 ერთეული შეადგინა.
2023 წელს სამაცივრე მეურნეობების უმრავლესობა შიდა ქართლის რეგიონშია (57.9 %) განთავსებული. კახეთში (12.1%), თბილისში (10.2%), ქვემო ქართლში (5.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთში (4.6%), იმერეთში (4.0%), აჭარის არ-ში (3.2%), მცხეთამთიანეთში (1.1%), გურიაში (0.8%) და სამცხე-ჯავახეთში (0.5%).
როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2023 წლის განმავლობაში შესყიდულია 68.4 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს, 27.6 მლნ. ლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 545.3 მლნ. ლარის ღირებულების (98.3 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (45.6%) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების.
ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 58.6% მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (36.8%), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (32.2%) და თევზეული (10.1%) წარმოადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სამაცივრე მეურნეობების 59.1% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 38.2% – ნაწილობრივ, ხოლო 2.7% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
ამასთან, სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.4%. აქედან, 43.5%-ს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 50.0%-ს – მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 6.5%-ს – როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისთვის.