ივლისში უკრაინა 1,5 მილიარდი ევროს შემოსავალს მიიღებს გაყინული რუსული აქტივებიდან.
თანხის 90% იარაღის შესაძენად დაიხარჯება, ხოლო 10% რეკონსტრუქციაზე.
“ამ კვირის ბოლოს, G7-ის სამიტზე, ჩვენ განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეუძლია უკრაინას კიდევ უფრო მეტი ისარგებლოს გაყინული რუსული აქტივებიდან. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რუსეთმა უნდა აგოს პასუხი თავის დანაშაულებზე, ახლა ჩვენ ვაიძულებთ რუსეთს გადაიხადოს.” – თქვა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე.
მანამდე, ივნისის ბოლოს, უკრაინა ევროკავშირისგან 1,9 მილიარდი ევროს ფინანსურ დახმარებას მიიღებს.
„უკრაინას 1,9 მილიარდ ევროს გამოვუყოფთ უკრაინის დაფინანსების ფონდიდან. თანხა ამ თვის ბოლოს გამოიყოფა”, – თქვა ფონ დე ლაიენმა ბერლინში.
მისივე თქმით, „უკრაინის გეგმა“ მოიცავს მართლმსაჯულების სექტორის და ანტიკორუფციულ რეფორმებს. ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ „უკრაინის გეგმით“ ქვეყანა მიმზიდველი უნდა გახდეს ბიზნესისა და ინვესტორებისთვის და ქვეყანა დააახლოოს ევროკავშირთან.