ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული აგრეგატების ყოველდღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, მაისში, დაახლოებით $400 მილიონის ეკვივალენტი დეპოზიტი ლარიდან ვალუტაში გადახურდავდა, რის გამოც კომერციული ბანკების ანგარიშებზე უცხოური ვალუტის დეპოზიტების მატება ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.
ამის შესახებ თავის კვირის მიმოხილვაში თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი წერს.
შესაბამისად, ბანკებში ლარის დეპოზიტების ზრდა შემცირდა, ხოლო ჯამურად დინამიკა გასული თვეების მსგავსია.
ლარის დანაზოგების უცხოურ ვალუტაში კონვერტაცია საქართველოში „რუსული კანონის” მიღებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას მოჰყვა. კანონის მიღებისთანავე ლარმა გაუფასეურება დაიწყო, რასაც მოქალაქეებმა დანაზოგების უფრო სტაბილურ ვალუტაში კონვერტაციით უპასუხეს.
დოლარიზაცია ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავაც ადასტურებს.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის აპრილის ბოლოსათვის 51.75% შეადგინა, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. მაისის თვის სტატისტიკური მონაცემი ეროვნულ ბანკს ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა, მაისში სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი შემცირებული იქნება.