2024 წლის იანვარ-აპრილში თურქეთიდან ავოკადოს იმპორტი 586%-ით გაიზარდა და გახდა კიდევ ერთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი, რომლის იმპორტშიც თურქეთის წილი საკმაოდ მაღალია.
წელს ოთხ თვეში ქვეყანაში სულ $1. 562 მლნ-ს ღირებულების 724.7 ტონა ავოკადო შემოვიდა, სადაც თურქეთის წილი 46.7% იყო( $729.38 ათასის ღირებულების 473.12 ტონა). ერთი კილოგრამის საშუალო ღირებულება კი $1.5-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში თურქეთიდან იმპორტი გაცილებით ნაკლები იყო.
2023 წელს თურქეთიდან სულ $106.27 ათასის 322 ტონა ავოკადო შემოვიდა და მთლიან იმპორტში მხოლოდ 10.7% ეკავა. გასული წლის იანვარ-აპრილში კი $991.18 ათასის ღირებულების 542.18 ტონა ავოკადოს იმპორტი განხორციელდა.
საქსტატის მონაცემებით, ნოდერლანდებმა, რომელიც 2023 წელს საქართველოში ავოკადოს მთავარი იმპორტიორი იყო, წელს მეორე ადგილზე გადაინაცვლა. წელს საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა $749.99 ათასის ღირებულების 212.74 ტონა ავოკადო, წინა წელს კი $884.9 ათასის 220.09 ტონა. ერთი კოლოგრამის საშუალო ღირებულებამ წელს ოთხ თვეში $3.5 შეადგინა.
როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს ავოკადოს შეძენა თურქეთში უფრო იაფი უჯდება, ვიდრე აქამდე არსებულ ტრადიციულ ბაზარზე – ნიდერლანდებში. შესაბამისად, იზრდება თურქეთიდან ავოკადოს იმპორტი, ნიდერლანდებიდან კი მცირდება.