ევროპის რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მოუწოდა, სანქციები დაუწესოს ოლიგარქებს მოლდოვასა და საქართველოში. მინისტრები საკუთარ განცხადებებში მიუთითებენ იმ ოლიგარქებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ დესტაბილიზაციის მცდელობებთან რუსეთის ჩარევის მზარდი საფრთხის ფონზე. ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, 20 მარტს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა, რომ მოლდოვა და საქართველო დესტაბილიზაციის მცდელობებს აწყდებიან, რასაც დიდი ყურადღება სჭირდება. მინისტრის თქმით, ამ მცდელობებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე განხილვის დაწყება გამართლებული იქნებოდა.
Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირს მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდეს რუმინეთისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
Politico წერს საქართველოში საპროტესტო აქციებზე უცხოეთის აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ კანონპროექტზე უარის მიუხედავად, საქართველოში იზრდება შეშფოთება, რომ მთავრობა მოსკოვს უახლოვდება. Politico ასევე ხაზს უსვამს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან, სადაც 1990-იან წლებში ქონება დააგროვა.