სასტუმრო მომსახურება და საზოგადოებრივი კვება – ეს ის ჯგუფია, რომელზეც 2024 წლის მაისში როგორიც წინა თვესთან, ასევე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფასებმა ყველაზე მეტად მოიმატა. საქსტატის მონაცემებით, სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ჯგუფში წლიურად ფასები მომატებულია 7.7 პროცენტით, წინა თვესთან შედარებით კი 1.5 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ წლიურად ფასები გაიზარდა ღამის გასათევით მომსახურებაზე 11 პროცენტით, ზოგადად საზოგადოებრივ კვებაზე კი 7 პროცენტით. ამასთან, 12.2 პროცენტით გაძვირდა ხინკალი რესტორანში, 4.55 პროცენტით – ხაჭაპური კაფეში, 4.53 პროცენტით გაძვირდა რესტორანში სადილი, 7.35 პროცენტით მოიმატა ფასმა საცხობში ხაჭაპურზე. ამასთან, 11.52 პროცენტით გაძვირდა ყავა კაფეში.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა.