სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ სამ დასავლურ ბანკს – UniCredit-ს, Deutsche Bank-სა და Commerzbank-ს კუთვნილი 700 მილიონ ევროზე მეტი აქტივები ჩამოართვა.
რუსული სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ევროპული ბანკების მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომ დააჩქარონ რუსეთის ფედერაციიდან გასვლა.
აქტივების გაყინვა მოხდა Gazprom-ის შვილობილი კომპანიის RusKhimalyansa-ს სარჩელის საფუძველზე. რუსული კომპანია ევროპულ ბანკებს ერთობლივ პროექტზე ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება.
დაყადაღებულია UniCredit-ის 463 მილიონი ევრო, რაც მისი მთლიანი აქტივების დაახლოებით 4,5%-ის ეკვივალენტურია.
სასამართლომ დააყადაღა Deutsche Bank-ის 238,6 მილიონი ევროს ოდენობის აქტივები, რაც რუსეთში მის ანგარიშებზე იყო განთავსებული. ასევე გაიყინა Commerzbank-ის 94,9 მილიონ ევრომდე აქტივები.
RusHimalliance არის გაზის გადამამუშავებელი ქარხნის ოპერატორი რუსეთსი. 2021 წლის ივლისში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს გერმანულ Linde-თან. ერთი წლის შემდეგ Linde-მა მუშაობა შეაჩერა ევროკავშირის სანქციების გამო.
ამის შემდეგ RusHimalliance-მა მიმართა გარანტორ ბანკებს UniCredit-ს, Deutsche Bank-ს, Commerzbank-ს, რომლებმაც ევროპული სანქციების შიშით, უარი თქვეს მომსახურებაზე.
ცნობისთვის, 22 აპრილს სანქტ-პეტერბურგის საარბიტრაჟო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთში JPMorgan-ის ყველა ანგარიშის, მათ შორის შვილობილი კომპანიების ანგარიშების დააყადაღების შესახებ, რუსეთის სახელმწიფო ბანკის VTB-ის სარჩელის საფუძველზე.