„უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მომიტინგეების დაშლას სამართალდამცავები ისევ წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით ცდილობენ.
რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად თავს დაესხა მომიტინგეებს, რომლებიც მათ კვერცხებსა და ბოთლებს ესროდნენ. მათ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები. ასევე სპეცრაზმი იყენებს წიწაკის სპრეის და ხელკეტებს, რათა დემონსტრანტები აიძულოს დატოვონ ტერიტორია პარლამენტის შენობის წინ.
დარბევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ, აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ. ისინი დაშლას არ აპირებენ და პროტესტს აგრძელებენ. ისინი პოლიციას მიმართავენ შეძახილებით “მონები” და “რუსები”.
კანონის მოწინააღმდეგეებმა მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზა გადაკეტეს.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა.
„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა…
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია სარწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს!“ – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.
ოპოზიცია და დასავლური ქვეყნები „უცხოური აგენტების” შესახებ კანონს განიხილავენ როგორც ავტორიტარულს და რუსეთისგან შთაგონებულს.
საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის გაგრძელებას ოთხშაბათს, 1 მაისს აპირებს.