შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა 4 გვირაბს და 11 ხიდს მოიცავს.
აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალზე (E60) მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქ. ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი ახალი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს;
ახალი გზა მგზავრობის დროს შეამცირებს და მის გავლას მხოლოდ 6 წუთი დასჭირდება.
რა ეტაპზეა რიკოთის გზის მშენებლობა
ზესტაფონის შემოვლითი გზა რიკოთის პროექტის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის ნაწილია, სადაც გათვალისწინებულია 14.7 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოების 80% დასრულებულია – 17 ხიდიდან აშენებულია 15 ხიდი და გაჭრილია ათივე გვირაბი.
მიმდინარეობს მაგისტრალურ გზასთან მგზავრთა მომსახურების ცენტრის მოსაწყობა, სადაც იქნება სივრცეები ზესტაფონის ტრადიციული სწრაფი კვების ობიექტებისთვის.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, შენდება 52 კმ-მდე გზა, რომელიც მოიცავს 97 ხიდსა და 51 გვირაბს.
დეპარტამენტის ცნობითვე, ამ დროისათვის, ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია 36 კმ გზა, აშენებულია 89 ხიდი და გაჭრილია 50 გვირაბი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე. საერთო ჯამში, რიკოთის მაგისტრალური ახალი გზის 70%-ით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს.
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მაგისტრალური გზის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს
რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდი ლარია, პროექტი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.