მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალი აშენდება. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკვე შერჩეულია კონკრეტული კომპანია, რომელიც ახალი ტერმინალის პროექტს განახორციელებს.
ახალი ტერმინალის მშენებლობას კომპანია „გრინ სტუდიო“ განახორციელბს, რომელიც სატენდერო კომისიამ 18 პრეტენდენტს შორის შეარჩია. პროექტის ღირებულება 435 ათას ლარია.
„უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი ახალი ტერმინალისთვის.
მესტია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონია, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას.
ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას, რათა ტურისტული პოტენციალი განვავითაროთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტისთვის გამარჯვებული აეროპორტების გაერიანებამ „გრინ სტუდიო“ დაასახელა, რომლის მიერ ტენდერში დაფიქსირებულმა ფასმა 390 000 ლარი შეადგინა. ტენდერში შესყიდვის თავდაპირველი სავარაუდო ღირებულება 435 000 ლარს შეადგენდა.