დეფიციტური საგარეო ვაჭრობა
აზიის განვითარების ბანკის(ADB) პროგნოზით, 2024 და 2025 წლებში საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი გაიზრდება. დეფიციტის ზრდა მოსალოდნელია ექსპორტის ზრდის შემცირების გამო.
„საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მოიმატებს. საგარეო მოთხოვნის კლება შეამცირებს ექსპორტის ზრდას და გაზრდის საქონლით ვაჭრობის დეფიციტს, იმპორტის ნელი ზრდის მიუხედავად”,– აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის მიმოხილვაში.
რატომ დაიკლებს ექსპორტი
ADB-ის პროგნოზის მიხედვით, საქონლის ექსპორტის ზრდა 5,7%-მდე დაიკლებს 2024 წელს, რადგან ჩინეთსა და ევროზონაში შემდგომი ზრდის შენელება, სავარაუდოდ, შეამცირებს საგარეო მოთხოვნას, შემდეგ კი გაიზრდება 10,4%-ით 2025 წელს, რადგან განვითარებული ეკონომიკები შეარბილებენ მონეტარულ პოლიტიკას მაკროეკონომიკურ ზრდის ხელშეწყობის მიზნით.
რა ახდენს გავლენას იმპორტზე
ასევე ბანკის შეფასებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მოსალოდნელია იმპორტის უფრო ნელი ტემპით, 6,1%-ით ზრდა 2024 წელს, შიდა ზრდის შენელებასთან ერთად მანქანების რეექსპორტის შემცირების ფონზე, მანამ, სანამ 2025 წელს 11,1%-ით არ გაიზრდება.
პროგნოზის თანახმად, 2024 წელს მომსახურების სექტორი უნდა გაიზარდოს, თუმცა შედარებით ნელა -3,6%-ით, ხოლო 2025 წელს ზრდა 6,6%-ს მიაღწევს, ტურიზმის, ტრანზიტული ვაჭრობის და სატრანსპორტო მომსახურების ზრდის გავლენით, თუმცა, შედარებით ნელა.
ფულადი გზავნილების მოლოდინი
პროგნოზის მიხედვით, ადგილი ექნება ფულადი გადარიცხვების სტაბილიზებას დაახლოებით $3 მილიარდამდე მომდევნო 2 წლის განმავლობაში, რადგან რუს მიგრანტებთან დაკავშირებული გარე შემოდინება შენელდება და საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდება, რამაც შესაძლოა დაღმავალი ზეწოლა მოახდინოს ლარზე.
პროგნოზის მიხედვით, მთლიანი რეზერვები შემცირდება $4,5 მილიარდამდე 2024 წელს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდის გამო, მანამ, სანამ 2025 წელს $5 მილიარდამდე არ გაიზრდება უფრო მაღალი უცხოური ფულადი ნაკადების შემოდინების შედეგად.