შიდა მიმართულებით საჰაერო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შესყიდვის მიზნით საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2 ტენდერი გამოაცხადა. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 23 197 093 ლარია. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 2 მაისს დაიწყება და 7 მაისს დასრულდება.
ერთ-ერთი ტენდერი უკავშირდება თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ფრენების გადაყვანის უზრუნველყოფას. მგზავრთა რაოდენობა არანაკლებ 40 უნდა იყოს. ამასთანავე, შესყიდვის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდით შესაძლებელი უნდა იყოს თითოეული მგზავრისთვის არანაკლებ 15კგ. თანმქონი ბარგის გადატანა. აღნიშნული ტენდერის ღირებულება 8 178 197 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მეორე ტენდერს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 15 018 896 ლარი იქნება. ტენდერის პირობების თანახმად, საჰაერო ხომალდზე ადგილების რაოდენობა, მიმართულებების მიხედვით ასე გამოიყურება:
- თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
- თბილისი-ამბროლაური-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ 40 ადგილიანი;
- თბილისი-ქუთაისი-თბილისის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
- თელავი-ქუთაისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
- თელავი-ამბროლაური-თელავი მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
- თელავი-თბილისი-თელავის მიმართულებაზე – არანაკლებ, 40 ადგილიანი;
- მესტია-ბათუმი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
- მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
- მესტია-თბილისი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
- მესტია-ამბროლაური-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი;
- მესტია-თელავი-მესტიის მიმართულებაზე – 15 ადგილიანი.
ამასთანავე, საჰაერო ხომალდზე, შესაძლებელი უნდა იყოს, თითოეულ მგზავრზე, არანაკლებ 15 კგ თანმქონი ბარგის გადატანა.
ცნობილია, რომ შიდა ფრენები ნატახტარის აეროპორტიდან აღარ შესრულდება. ამის მიზეზად ეკონომიკის სამინისტროში VANILLA SKY-ის აეროპორტის მოდერნიზაციის საჭიროება დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნასთან დაკავშირებით მთავრობამ განკარგულება 28 მარტს გამოსცა. ამ განკარგულებით აეროპორტების გაერთიანებას უფლება მიეცა ტენდერი გამოეცხადებინა.