ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში აზიის ამ ქვეყნიდან საქართველოში $5.212 მლნ-ს ღირებულების მანქანა შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 80.3%-ით აღემატება, 2022 წლის მონაცემებს კი 658.5%-ით.
უფრო კონკრეტულად, 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ჩინეთიდან შემოვიდა $687.2 ათასის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი, 2023 წლის ორ თვეში კი $2.890 მლნ-ს ღირებულების.
ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდას საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ნონიაძე იმ ფონზე, როდესაც ჩინეთი წარმოებას აფართოებს, ჩვეულებრივ მოვლენას უწოდებს.
„ჩინეთიდან იმპორტი ნამდვილად ძალიან მზარდია. ნაწილობრივ ხდება ბაზრის გადაფასება და დივერსიფიცირება. ხდება უფრო იაფი ბაზრების მოძიება. ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს და იმპორტის ზრდას ესეც განპირობებს. ჩინური ელექტროავტომობილების ბაზარი მყიდველს მთელი მსოფლიოდან იზიდავს“, – აღნიშნავს ალექსანდრე ნონიაძე.
მისივე თქმით, ამ დროისთვის „ქართულ ბაზარზე ჩინური მანქანების გატესტვა ხდება“ და თუ ისინი ქართველი მყიდველის მოლოდინებს გაამართლებენ, მაშინ შესყიდვა სავარაუდოდ, გაგრძელდება.
„იმპორტიორი ფაქტობრივად სინჯავს ახალ ჩინურ მანქანებს. ეს სტანდარტული პროცესია და ხშირად ხდება მთელ რიგ მანქანებზე. ეს იმისთვის კეთდება, რომ ვნახოთ, ექსპულატაციაში როგორი იქნება. ჩინური ავტომობილების მიმზიდველობას მათი ინოვაციურობა და გარკვეულწილად ფასიც განსაზღვრავს. ჩინური მანქანა იაფი ნამდვილად არ არის, მაგრამ სხვა ახალ ავტომობილებთან შედარებით, უპირატესობა აქვს“, – ამბობს ალექსანდრე ნონიაძე.