2023 წელი „ბაზისბანკმა“ 70,621 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა (არაკონსოლიდირებული – Net Income), ეს კი წინა წელთან შედარებით თითქმის ერთი მლნ ლარით მეტია. 2022 წელს ბანკის მოგება 69,637 მლნ ლარი იყო – ამის შესახებ აღნიშნულია „ბაზისბანკის“ 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.
ამასთან, როგორც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, საანგარიშო პერიოდში „ბაზისბანკმა“ 308,198 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო (Standalone – არაკონსოლიდირებული), რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 51,5 მლნ ლარით მეტია (256,659 მლნ ლარი – 2022 წელს).
ამასთან, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გაზრდილია ბანკის საკომისიო შემოსავალიც. უფრო კონკრეტულად, 2022 წელს „ბაზისბანკმა“ საკომისიოებიდან (Fee and commission income) 13,269 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, 2023 წელს კი 19,058 მლნ ლარი.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „ბაზისბანკის“ აქტივები შეადგენს 3,527 მლრდ ლარს, ვალდებულებები კი 3,024 მლრდ ლარს.
ცნობისათვის, „ბაზისბანკი“ ქართულ ბაზარზე 1993 წელს გამოჩნდა. 2008 წელს, EBRD-ი ბაზისბანკის აქციების 15%-იანი პაკეტის მფლობელი გახდა. 2012 წელს კი ჩინურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფმა“, ბანკის აქციების 90%-ი შეისყიდა, მოგვიანებით კი, თავისი წილი 92,30%–მდე გაზარდა.