საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მეტი კაპიტალის დარეზერვებას სთხოვს. სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთი 1% იქნება.
აქამდე, კონტრციკლური ბუფერი 0 იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა. ჭარბი დაკრედიტების პერიოდში 1%-იანი განაკვეთი ამჯერადაც გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება.
რისთვის არის საჭირო კონტრციკლური ბუფერი
ამ მექანიზმს სებ-ი იმისთვის იყენებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს ეკონომიკის ჭარბი დაკრედიტება, რომ არ შეიქმნას ფინანსური სტაბილურობის რისკები. ასევე, უარყოფითი შოკების დროს უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.
რისი გაკეთება მოუწევთ ბანკებს
ამიერიდან ბანკებს დარეზერვებული უნდა ჰქონდეთ კაპიტალი, მთლიანი აქტივების 1% -ის მოცულობით. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12 თვე ექნებათ. სებ-ი მიიჩნევს, რომ ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შიდა წყაროებით, არსებული მომგებიანობისა და კაპიტალის ადეკვატურობის ბუფერებით შეძლებს.
ქვეყნების ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა, რომელიც 1%-ს და 2%-ს შორის მერყეობს. კომიტეტმა, საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით, ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის 1%-ზე დაწესება გადაწყვიტა.
კომიტეტის ინფორმაციით, ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს. 2023 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდურობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო აქტივების ხარისხი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესდა. წინა წლის მსგავსად, ბანკებმა 2023 წელი მნიშვნელოვანი მოგებით დაიწყეს, რასაც საკრედიტო აქტივობამ და მცირე საკრედიტო დანაკარგებმა შეუწყო ხელი.
კომიტეტის ინფორმაციით, გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების მეშვეობით, ბანკების უმეტესობამ კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღიდგინა.
მნიშვნელოვანი ინდიკატორი- სასესხო აქტივობა
კომიტეტი ვარაუდობს, რომ საკრედიტო აქტივობა მიმდინარე წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება.
2023 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით,13.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. გასული ორი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა მცირდება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება.