რუსეთში 1-ელი აპრილიდან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევა იწყება. თავდაცვის უწყება 400 ათასი სამხედროთი შევსებას გეგმავს. ახალი კონტინგენტით უნდა ჩანაცვლდეს სამხედრო ძალების დიდი დანაკარგები, რასაც რუსეთის არმია უკრაინაში განიცდის. როგორც ცნობილია, ზოგიერთი მიმართულებით რუსული ჯარი მწვავე დეფიციტს განიცდის. განსაკუთრებით არ ჰყოფნით ჯავშანტექნიკის მძღოლები და არტილერისტები.
რუსული მედია წერს, რომ სხვადასხვა ოლქებში, სამხედრო კომისარიატებში დაიწყეს უწყებების დარიგება. თითოეული ოლქისთვის დადგენილია კვოტა გასაწვევთა სავალდებულო რაოდენობაზე. გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლები რეგიონების გუბერნატორები იქნებიან.
მობილიზაციას ისევ მალავს რუსეთის ხელისუფლება. პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მობილიზაციის მეორე ტალღის დაწყება უარყო.
შარშან სექტემბერში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაციის“ დროს სამხედრო სამსახურში 330 ათასზე მეტი პირი გაიწვიეს. ოქტომბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა გაწვევა დასრულებულად გამოაცხადა, მაგრამ შესაბამისი განკარგულებისთვის ხელი არ მოუწერია.
რუსეთის თავდაცვის უწყება სამი წლის განმავლობაში რუსული ჯარის მილიონ-ნახევრამდე გაზრდას გეგმავს. სამხედრო კონტინგენტის გაზრდის მიზნით, ჯარში სამსახურის ასაკობრივი ზღვარი რუსეთში 27-დან 30 წლამდე იზრდება.