ნაღდი ფული მიმოქცევაში და M2, წლიურ ჭრილში მკვეთრ ზრდას აჩვენებს, რაც ქვეყანაში ფულზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს.
სებ-ის თანახმად, 2024 წლის იანვარში მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასის ოდენობამ 5 520,7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 16,3%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის იანვარში მისი მოცულობა 4 745,4 მილიარდი ლარი იყო.
რაც შეეხება ფართო ფულს – M2-ს(ნაღდი ფული+ ბანკებში ლარში დენომინირებული ვადიანი და შემნახველი დეპოზიტების ერთობლიობა) მისი მოცულობა 24,435 მილიარდ ლარზე მეტია, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 28,5%-ით აღემატება. 2023 წლის იანვარში M2 19,011 მილიარდი ლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა რეკორდულ დონეზე 2023 წლის დეკემბერში იყო – 5,934 მილიარდი ლარი. დეკემბერში ასევე მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ფართო ფულმა და 25,112 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ნაღდი ფულის მასა უმეტესად დეკემბერში იზრდება, რაც ამ პერიოდში ფულზე მოთხოვნის შედარებით უფრო დიდ მატებას უკავშირდება. დეკემბერი ეკონომიკურად ყოველთვის უფრო აქტიური თვეა და ამ დროს მეტი ლარის საჭიროებაა.
ფულის მასის ზრდა ფასების ზრდის წინაპირობაა. როდესაც მთავრობა დეფიციტურ ხარჯვას ეწევა, ის ამ ფულს სესხულობს და ეკონომიკაში ფულის მასას ზრდის, რასაც მოყვება ინფლაცია.